32227004_1817431714955435_8924994070321823744_o

ბებია, ბაბუაზე

ბებია, ბოლოს ვეღარ ხედავდა.. ბაბუას კი სათვალეც არ გამოუყენებია არასდროს. ძილის წინ კითხულობდა ყველაფერს რაც ხელში მოხვდებოდა, ჟურნალ ნიანგის ძველ ნომრებს, საბავშვო მოთრობებს, რომელსაც ყდა აღარ ქონდა და ადგილ ადგილ ფურცლებიც აკლდა, მოკლედ ყველაფერს.. ერთ დღეს შეთანხმდნენ, ბაბუა ხმამაღლა წაიკითხავდა, რომ ბებიასაც გაეგონა გახალისებულიყო და დრო გაეყვანა მასაც. ვისაც ხის სახლში ერთხელ მაინც გაუთევია ღამე ყველამ იცის, ხმამაღლა წაკითხული კი არა სუნთქვაც ისმის ოთახიდან ოთახში, ფარღალალა წაბლის ხის კედლებში. ხოდა ასე მოვისმინეთ ბებიასთვის ხმამაღლა, ზოგჯერ გამოთქმით წაკითხული ძმები გრიმების ზღაპრები, ბიძია თომას ქოხი, ლევან გოთუას გმირთა ვარამი და მიჩურინული კვლევის ძირითადი დებულებებიც კი… გატრუნული ვუსმენდით.. ზოგჯერ ბაბუა ჩათვლემდასავით და შეანელებდა, ხმას დაუდაბლებდა, ბებია უსაყვედურება რიხით: “ებიჯო გამაგონე მადლიზა თუ მაგონებ!!!” ბაბუაც გამოფხიზლდებოდა და აგრძელებდა შემართებით. როდის, როდის დაგვეძინებოდა… დავიბადე და გავიზარდე ასკანაში, ვიცხოვრე ქალაქშიც, უცხოეთშიც ვიცხოვრე კარგა ხანს, არსად, არასდროს ორ ადამიანს შორის ასეთი სითბო და ერთმანეთის მიმართ უსაშველო პატივისცემა არც მინახავს არც გამიგონია.. ტკბილად მახსენდება ჩემი ზურიკო ბაბუა და მერიკო ბებია. ზურა შევარნაძე.

Leave your comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *