125195059_3562443790479344_8831636941460471062_o

მოგონებები

რა უცნაურია? ბავშვობისდროინდელ ავადმყოფობასაც, რომ სიამოვნებით და სიხარულით ვიხსენებთ..
დაგვაყრიდა და დაგვფოთლავდა.. წითელა ბატონები დაუბრძანდაო იტყოდნენ, სასწარაფოდ სველი ტილოთი მოწმენდნენ ძელის იატაკს, გახამებულ თეთრეულს გადააკრავდნენ გამზეურებულ ქვეშაგებს და ბუხრიან ოთახში გამიშლიდნენ ნიკელისთავიან საწოლს.
საღამოს პირას იწყებოდა “წარმოდგენა”.. ბებიას ჯეროდა, რომ ბატონებს უნდა “მოუმხიო” და “მოუოხო”.
 ბაბუა საუკეთესო, გადანახულ კოპიტის ჯირკებს შემუწყობდა და სასწაულ ცეცხლს ააგიზგიზებდა ბუხარში.
 ბებია მეზობლის ქალებს მოუხმობდა, მავრთულზე აცმულ ნიგვზის ლებნებს (თუ სწორად მახსოვს ბაზმას ეძახდა) ცეცხლს მოუკიდებდა, საწოლის ირგვლივ დადიოდნენ, ფერად, წითელ ხალათებმოსხმული ქალები, რომლებიც აქამდე სულ შავებით ან თალხით მენახა და მღეროდნენ ჩემთვის უცნობი სიტყვებით მოუოხე.. მოუოხე.. მერიკო, ეთერი, უმანკო, თალიკო ბებიები ფერად ტანსაცმელში და თან აქამდე არგაგონილი ტექსტით მომღერალი, ოთახში ნიგვზის ლებნების ბურუსში ისეთი სასწაული სანახავი იყო ახლაც მაჟრიალებს სიხარულისაგან, რომ ვიხსენებ..
მერე ბუხართან დასხდებოდნენ და ათასჯერ მოსმენილ ამბვებს ისევ გაიხსენებდნენ.. გვიან , გვიან ღამემდე დარჩებოდნენ და ამას ბატონებისთვის ღამისთევას ეძახდნენ. 
ადრე დილით, რომ მეგონა უკვე მოვრჩი, უცებ გააღებდა ბებია ფანჯარას და ისროდა ოთახში წითლად, ოზურგეთის ბაზართან, ჩაჩნებთან ნაყიდ კვერცხის წითელი საღებავით შეღებილ მამალს, რომელსაც გრძელი წითელი, ატლასის ლენტები ქონდა შებმული ფრთებზე და ფეხებზე. გადელდებოდა მამალი, ატეხდა კრიახს, ხან ბუხრის თავზე შეხტებოდა, ხან საწოლის თავზე გადმოფრინდებოდა, ხან კარადაზე. ამის შემყურე ძალიან გავხალისდებოდი და ბებიაც გაიღიმებდა.. მიზანიც ეს იყო… ბატონებს არ უნდა მოეწყინა..
ბაბუას ჭეიშვილების ნაშვავებში გაგზავნიდა, ფერმის გადმოღმა, ყორის ძირებში იაია იქნება გაშლილიო. დანაყავდა ფოთლიან ყვავილიანად და აპკურებდა კუთხე კუნჭულს, ბატონებს იის სურნელი ეამებაო..
ვიგონებ, ვწერ და მეც აღარ მჯერა, რომ ეს იყო..
მაგრამ ამ მისტიურს, არქაულს, ჯადოქრულს, ცოტათი ბნელ ამბავში იმდენ სიხარულს, სიკეთეს, სილამაზეს, სითბოს, სინათლეს ვხედავ და ვგრძნობ ამაზე წმინდა, რომ აღარაფერი მგონია.. ვცდები განა?!

 

Leave your comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *