91535258_3020660824632512_5329474799909470208_o

მომსპარი ყანა

გამოცდები ჩავაბარე, ჩავჯექი ოზურგეთის მატარებელში და წავედი შინ. ოზურგეთიდან მეზობელმა დამიმგზავრა ასკანამდე, შარაზე ხომ არ დაგტიებო და მიმიყვანა ჭიშკართან.
ბებია ძალაუგემურად გამომეგება პარმაღზე. ლოყები აწითლებული ჰქონდა..ნანერვიულები იყო მივხვდი.
რა გჭირს ბებია, რა გჭირს ბებია?
რა მჭირს ნენა და წროულს სიმინდი აღარ გვექნება , მოსპო თალიკოს ღორებმა ყანა.
მივადექი იალონში თალიკოს, უჩივი, ქალო შენმა სამმა ღორმა წუხანდელი ღამე ჩემს ყანაში გაათენა, არ დატიეს აფერი მიწის ზეით ქვისუმბილესი. იცა თალიკომ თავში და პირში ხელი, ნეტა მიოთხე სა იყოო? გეყურება რა იკადრა?
მინდოდა გამეწიკვა შვაზე, მარა ამფერს რუმ ქალი იკადრებს იმას რაღა უნდა უთხრა?
ვგდივარ აგერ და ვკტები ჩემდა. მაი ჩაჩანი დედაკაცი მაი, ჩემს ბარაზე ვერ გეიარს ააააა.
მივხვდი უჭადობაზე და უსიმინდობაზე უფრო, თალიკოს პასუხმა ატკინა გული. იწყევლებოდა ხელაბყრობილი და იოხებდა გულს.
ბაბუაშენი ღობეს ასწორებს და ჩეჩქად ქცეულ ჩალას უჭრის ძროხებს, მუა აწინო. იმფერი გამძღარი ყრია ეგერ სამივე ღორი, ერთ კვირას წყალსაც არ დალევენო.
დავრწმუნდი, თალიკო დაკარგა სამუდამოდ.
ცახოცის ქვეშ, კეჟერა ფხალის მომჟრალი ფოთოლი შეიცვალა, შუბლი კიდევ უფრო მაგრად გაიკრა და მასაუზმა.
დაღლილი ვიყავი მთელი ღამე ნამგზავრი, ვიბანავე, ავედი ოდაში და დავიძინე. ნაშუადღევს გამეღვიძა, შუშაბანდიდან გამოვიხედე. ეზოში, ფრანგულა მსხლის ქვეშ, ჯერკოებზე იჯდა ბებია და თალიკო, ხელში თითო გულუღმა საინი ფელამუში ეჭირათ და თითით ჭამდნენ. მეგონა მომელანდა. ჩამოვირბინე კიბე და თალიკო მამიდა გადავკოცნე. რამისისქე ხარ მამიდა, რას დამსგავსებიხარ? ასე ზე ტაქტიანად მომესიყვარულა თალიკომ.
ბებიამ გააგრძელა, დილას მერეა ეძებენ მიოთხე ღორს, მაკეთ იყო. მეიარეს ნაბრინჯვალა, ჯინჭარაულა, ვერც ნაშვავებში ვერ ნახეს ვერსათ. წასულა და სატურიაში, მაჩვის ომანოში დუუხარხალებია 14 გოჭი. ბაბუაშენმა ნახა. ჩუუფენია გოდორში გვიმბრა, ჩუუსუამს შით და მუართუა აგერ თალიკოს ძღვენივით შინ.
იმ საღამოს ჩვენსას ივახშმა თალიკომ, ნავახშმებს ბებია, ბაბუა და თალიკო სამძიმარძე წავიდნენ, უბედური გრიშა ჩავლეშვილი შეიცხადეს დღესო.
ასე დილიდან ნაშუადღევამდე მოასწროს ადამიანმა ამფერი გაბრაზება და მერე ამფერი დატკბობა ბებიაჩემი ვიცოდი მარტო..
საახალწლოდ ვეღარ წავედი გურიაში, ორი გამოცდა მქონდა დარჩენილი და უნდა მემეცადინა. ნიკო ბიძიამ ჩამომიტანა ბებიას გამოგზავნილი მუყაოს ყუთი. ყუთში იდო წერილიც. წერილის შუაში ბებია წერდა:
“იმ თოთხმეტიდან სამი საუკეთესო ნეზვი გოჭი აარჩია თალიკომ და საკალანდოთ აჩუქა ბაბუაშენს. რაფერი გული აქ მაგ შეჩვენებულს აააა..”

 

ზურა შევარდნაძე.

Leave your comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *