* * *

ჟუჟუნა ავალიშვილი ჩემი მასწავლებელია. მისგან ბევრი ისეთი მეთოდი, სამებაღეო ხრიკი და ხერხი მაქვს ნასწავლი რასაც ვერცერთ წიგნში ვერ ამოიკითხავ, მხოლოდ ჟუჟუნასნაირი გამოცდილი პროფესიონალები ფლობენ. ჟუჟუნა სწავლული აგრონომია მაგრამ მრწამსით, მთელი შეგნებით და ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით მებაღეა. საუცხოოდ იცნობს დეკოტარიულ მცენარეებს, ხეებს, ბუჩქებს, მრავალწლოვან თუ ერთწლოვან მცენარეებს, პროფესიონალი მევარდეა, ერკვევა კომპოზიციის არსში, საოცრად გრძნობს ფერს და თუ დასჭირდა გვირგვინს და თაიგულსაც ისე შეკრავს როგორც იშვიათად ვინმე სხვა. დაუნანებლად, უშურველად მასწავლა ყველაფერი, მთლად ყველაფერი..

თავად მიხეილ მამულაშვილის ნამოწაფარია და როცა მასზე მიყვებოდა კურცხლებად დაიღვრებოდა ხოლმე.. სულ მიკვირდა რა ატირებდა ამ ქალს ვერ ვიგებდი და ვბრაზობდი კიდეც.

უკვე ოთხოცდაათს მიტანებული სულ მენატრება, ზოგჯერ ვსტუმრობ ხოლმე, მოვიკითხავ, გუშინაც მივედი. ბუხარს მიფიცხებული მარტო იჯდა, ზამთრულად “მოკაზმულიყო” ბევრი ფერადი ნაქსოვი თავშლები შემოეხვია.. გაიხარა, როგორ გაიხარა, მეფერა, ვეფერე..

იშვიათად ვინმეს გავახსენდეო, რა გასაკვირია ვიღას რაღაში ვჭირდებიო… ძმიშვილები მოდიან მაგრამ ან იმათ რას ვემართლები ყველას თავთავისი ოჯახი და საფიქრალი აქვსო. მე თან მომეფერა თან მისაყვედურა მარტო მას რომ შეუძლია რაღაცნაირ იმერულად ისე. წვრილად გამომკითხა რა დავთესე, როგორ მოვამზადე ბაღი საზამთროდ, რას ვაპირებ ახალს გაზაფხულზე და მისთანები. 

გამომშვიდობებისას ბზის მძიმეტარიანი ბარულა გამომიტანა საკუჭნაოდან და ცოტა დანანებით მომცა. ეს ის ბარულაა რომელიც სულ ჩანთაში ედო, არცერთს მის მოწაფეებს არ გვქონდა მისი არათუ გამოყენების ხელის ხლების უფლებაც კი. თუ გავიწევდით მისკენ მკაცრად გვეტყოდა: “ეს ჩემი იარაღია!”, უკან დავაბრუნებდით.

“შენთან იყოს ეს ზური, აწი ნამდვილად აღარ დამჭირდება, მოუარე, შემოდგომაზე პირი კარგად გაწმინდე და ზეთიან ტილოში შეახვიე, ჟანგი იცის..”

მომცა, ცრემლი ედგა თვალებში და შევატყვე როგორ მთელი გული გამოაყოლა. მომეჩვენა ამ ამბვით რაღაც ძალიან დიდს, მნიშვნელოვანს შეელია.

ჭიშკრამდე გამომაცილა, გულში მაგრად ჩამიკრა, დააკვირდა ჩანთაში როგორ ჩავიდე ნაჩუქარი ნივთი, თვალი გამომაყოლა.

სავსე ვარ სიხარულით და სევდით. არასდროს ასე არ ვყოფილვარ.

#GardeniaShevardnadze